სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში იგეგმება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იურიდიული პირების ჩამონათვალს, რომელსაც სახელმწიფო ქონების მიღება შეუძლია, საზმაუც დაემატება.
კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
პარლამენტის წევრის, ეკა სეფაშვილის თქმით, „იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯეროვანი დამოუკიდებლობა, საჭიროა მას საკუთრებაში, განკარგვის უფლებით გადაეცეს მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს თბილისში, პოლიტკოვსკაიას 31-ში და სადაც ამჟამად მიმდინარეობს ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობა".
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა.