logo
ENG



იუსტიციის 7 სახლსა და 61 საზოგადოებრივ ცენტრში წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება

10 აგვ 202013:21
3 წუთის საკითხავი
 
rtp4wu61kdglsvz.jpg

დღეიდან წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება იუსტიციის 7 სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრსა და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს დღეიდან დაჯავშნის გარეშე მოემსახურებიან იუსტიციის სახლის ყაზბეგის, ყვარლის, ბორჯომის, ხონის, თიანეთის, მარტვილის, ონის ფილიალები; ასევე საზოგადოებრივი ცენტრები ლენტეხში, ამბროლაურში, ვალეში, ადიგენში, შუახევში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ხარაგაულსა და სხვა დასახლებებში, ასევე მთელი რიგი ტერიტორიული სამსახურები, სადაც, ეპიდემიამდე, ყოველთვე მომხმარებელთა ნაკადი საშუალოდ 600-ს არ აღემატებოდა.  სრული ჩამონათვალისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.psh.gov.ge

სამინისტროს ცნობით, მოცემულ კრიტერიუმს იუსტიციის სახლის მესტიის ფილიალიც აკმაყოფილებს, მაგრამ ამ ფილიალში დაჯავშნის სისტემა შენარჩუნებული იქნება, ბოლო დღეებში Covid-19-ის გამოვლენილი შემთხვევების გამო.

რაც შეეხება  ფილიალებს,  სადაც მომხმარებელთა ნაკადი საკმაოდ მაღალია,  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის მიზნით,   მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის სისტემით გრძელდება.

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

- დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge;

- დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელშიც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო, ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;

- წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;

- მოქალაქე ფილიალში პირბადის გარეშე არ დაიშვება;

- ფილიალში არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მისული მოქალაქის თანმხლები პირები;

- მომხმარებელს არ სჭირდება მზა დოკუმენტების იუსტიციის სახლიდან/საზოგადოებრივი ცენტრიდან გატანა. მზა დოკუმენტი მას ფოსტით გაეგზავნება;

- მოქალაქეებს, რომელთაც დაჯავშნილი აქვთ ვიზიტები, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოემსახურებიან ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.

განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, იმ პირებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ.

აღნიშნული პირები მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, პირადობის მოწმობის ან/და  პასპორტის პირველადად აღების; ქონების რეგისტრაციის შემთხვევაში)  სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

ადგილზე მომსახურების მისაღებად მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე - 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული უფლებამოსილი უწყების თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ადგილზე მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ.


close დახურვა