იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მტკიცებით, გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროპორციული ძალა გამოიყენეს.
11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.
ვიდეომასალის მიხედვით, რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მიათრევს. 8 ნოემბერს, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო საავადმყოფოში მიჰყავდათ. როცა ტყუილის შესახებ შეიტყო, ექსპრეზიდენტმა რუსთავის ციხეში დაბრუნება მოითხოვა და კლინიკაში შესვლაზე უარი განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, "როდესაც პატიმარი არ ემორჩილება თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და შეურაცხყოფას გაყენებს, არ არის მარტივი გასაძლები".
ამასთან, მისი განცხადებით, "შეურაცხყოფის უფლებას ვერავის მისცემენ".
პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანაში, მისი მოტყუების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი უწყების თანამშრომლებს "პუტინის მონებს" და "ივანიშვილის ლეკვებს" უწოდებს და რუსთავის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.
"15 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ თანამშრომლები თქვენობით, მოუწოდებდნენ, რომ გადმოსულიყო, ეუბნებოდნენ, რომ მისი ჯანმრთელობისთვის კეთდებოდა და აქედან მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიტყვების კორიანტელი მიდიოდა თანამშრომლებზე. ეს არ არის მარტივი გასაძლები, როდესაც აბსოლუტურად დაუმსახურებლად იღებ ასეთ შეურაცხყოფას ადამიანი.
ბუნებრივია, ამის უფლებას ჩვენ ვერავის მივცემთ, ვერცერთ პატიმარს და ვერცერთ ადამიანს, რომ ჩვენს თანამშრომელს ვინმე უსამართლოდ შეეხოს და არ შეასრულოს მისი კანონიერი მოთხოვნა.
შემდგომში, როდესაც ის არ დაემორჩილა, სრულიად პროპორციული ძალის გამოყენებით გადაიყვანეს". - ამბობს იუსტიციის მინისტრი.
მისივე თქმით, თუ ვინმეს აქვს კითხვები, იყო თუ არა სააკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალა პროპორციული - იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია და სახელმწიფო ინსპექტორი გამოძიებას აწარმოებენ და კითხვებს პასუხს გასცემენ.