logo
ENG



იუსტიციის საბჭომ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეს საქმიანობა შეუწყვიტა

02 ნოე 202310:31
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლოს გუშაგი დასჯად აფასებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ნინო გიორგაძეს, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, უფლებამოსილება შეუწყდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 1-ელ ნოემბერს გაიმართა, სადაც განიხილებოდა მოსამართლე ნინო გიორგაძის უფლებამოსილების საკითხი. საბჭომ 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლე ნინო გიორგაძე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნა.

სასამართლო გუშაგი აცხადებს, რომ ნინო გიორგაძე 2020 წლის დეკემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში. ვინაიდან ის იმყოფებოდა 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში, საბჭოს წევრებმა შეაფასეს მისი საქმიანობა. შედეგად, მოსამართლის მიერ მოპოვებულმა ქულათა ჯამმა ვერ მიაღწია ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის სამართლებრივი აქტით, მოსამართლე ნინო გიორგაძეს უარი ეთქვა თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკითხის განხილვაზე.

ნინო გიორგაძემ აღნიშნული აქტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაასაჩივრა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისი მოთხოვნა 1- ნოემბერს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო სხდომის მონაწილე საბჭოს ყველა (14-მა) წევრმა.

"აღსანიშნავია, რომ სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე. ამგვარი “ერთსულოვნება” გვაფიქრებინებს, რომ ის არ მიიჩნიეს გავლენიანი ჯგუფის მიმართ ლოიალურ მოსამართლედ და მიგვაჩნია, რომ მისი არდანიშვნის რეალური საფუძველიც ამ ფაქტორს უკავშირდება", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

სასამართლო გუშაგის ცნობით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ვინაიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც წესი, ყველა იმ მოსამართლეს, რომლებიც 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფებიან და არ ჰქონიათ იქამდე მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება, თანამდებობაზე ნიშნავს უვადოდ. თუმცა ნინო გიორგაძის შემთხვევაში საბჭომ სხვა გზა აირჩია.

საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, ნინო გიორგაძეს 3 წლის განმავლობაში წარმოებაში ჰქონდა დაახლოებით 2100 საქმე. საქმეთა ამ რაოდენობის დაძლევა ნებისმიერი მოსამართლისთვის დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით ისეთისთვის, რომელიც გამოსაცდელი ვადის ფარგლებში ახორციელებს უფლებამოსილებას.

სასამართლოს გუშაგის შეფასებით, ნინო გიორგაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დასაჯა იმის გამო, რომ ის არ იქცა ე.წ. კლანთან აფილირებულ მოსამართლედ, არ დაემორჩილა არსებულ არაფორმალურ იერარქიულ წესრიგს, რაც მას 3 წლის თავზე სამოსამართლო საქმიანობის შეწყვეტის ფასად დაუჯდა.

"ნინო გიორგაძესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა წარმოადგენდეს დამოუკიდებელი მოსამართლეების მიმართ ერთგვარ გაფრთხილებას და მინიშნებას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.


close დახურვა