logo
ENG



იუსტიციის საბჭოს წევრების კენჭისყრა შეწყდა - ოპოზიციამ დარბაზი დატოვა

17 მაი 202313:54
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

მანამდე მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). კვორუმისთვის საჭირო იყო 90 დეპუტატის მხარდაჭერა. 

სწორედ მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი. დეპუტატი რომან გოცირიძე განმარტავს, რომ ოპოზიცია შეთანხმებული იყო იმაზე, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი "გაიყიდა" და ქართულ ოცნებას დაეხმარა სასურველი კანდიდატის არჩევაში.

კენჭისყრა ფარული იყო და ამის გამო ვერ გახდება ცნობილი იმ დეპუტატების ვინაობა, ვინც აღნიშნულ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

პოლიტიკური კონსენსუსის აუცილებლობაზე საუბრობს ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი. 

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის თემა არის ერთ-ერთი მთავარი თემა 12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში და მოითხოვს პოლიტიკურ კონსენსუსს, სხვა შემთხვევაში, რეკომენდაცია შესრულებულად არ ჩაითვლება. ჩვენ ვთავაზობდით მათ ღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს, ქართულმა ოცნებამ არ მოისურვა ეს, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა. 

პარტია საქართველოსთვის წევრი ანა ბუჩუკური აღნიშნავს, რომ მათ გაცხადებული ჰქონდა ორი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა - სულხან სალაძე და კახა წიქარიშვილი - თუმცა მათ კენჭისყრამდე საქმე არც მისულა:

"სამწუხაროდ ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ივაჭრა ქვეყნის ევროპული მომავლით".

"ასე თუ გეწყინებოდათ რეკომენდაციის შესრულება, არ მეგონა", - წარმოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იმ დროს, როდესაც დეპუტატები დარბაზს ტოვებდნენ.

"ეს არის 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი და მეორე - ხშირად საუბრობენ ხოლმე ცალკეული წარმომადგენლები კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მათ, როგორც ჩანს არ ახსოვთ რას ნიშნავს თავისუფალი მანდატის პრინციპი და ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა შეხედონ, როგორ ესმით ოპოზიციონერ კოლეგებს 12 პუნქტის მიმართ პასუხისმგებლობა და კონსტიტუციით დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი საერთაშორისო მანდატის პრინციპი. თავისი სახე აჩვენეს ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა", - თქვა კობახიძემ პლენარულ სხდომაზე. 

 


close დახურვა