იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა.
როგორც უწყებაში ამბობენ, გადაწყვეტილება მკურნალმა ექიმმა იმის გამო მიიღო, რომ "სააკაშვილი დიდი რაოდენობით ელექტროსიგარეტს იღებდა".
"ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იღებდა დიდი რაოდენობით ელექტრო სიგარეტს, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მის მკურნალ ექიმთა ჯგუფს, ასევე პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს მიეღო გადაწყვეტილება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას შეზღუდოდა ელექტრონული სიგარეტის მოხმარება", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
მანამდე ერთ-ერთ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ელექტროსიგარეტს ეწევა.
ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ 3 ძირითად საკითხზეა საუბარი: ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობაზე, მისი მკურნალობის პროცესში მედიკამენტების ჭარბ, არამიზნობრივ გამოყენებასა და პოლიფარმაციის შედეგად ტვინის ქერქის დაზიანებაზე.
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.