ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად იუსტიციის სამინისტროს მთლიანი სისტემა და ფინანსთა სამინიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო ხაზინა შეფასდა.
2019 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი IDFI-მ 284 საჯარო დაწესებულების და 6,240 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე შეაფასა.
მონიტორინგის შედეგების თანახმად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით მცირედით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დახურულ უწყებად არაერთხელ დასახელებულა.
ანგარიშის თანახმად:
2019 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (24%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა შიდა აუდიტების ანგარიშების მოწოდებაზე. რიგით მეორე, ყველაზე დახურული ინფორმაცია დაკავშირებული იყო საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული პირების ბიოგრაფიული მონაცემების (сv) და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების გაცემასთან;
ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ – 99% და საქართველოს პარლამენტის აპარატმა - 98,3%.
2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ცენტრალური დაწესებულებებიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად გააუმჯობესა ფინანსთა სამინისტრომ (+30,63%) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (+29.92%). ხოლო ყველაზე მეტად გააუარესა მთავრობის ადმინისტრაციამ (-23,16%);
2019 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი (83%) ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია;
2019 წელს 100%-იანი მაჩვენებლის მქონე საჯარო დაწესებულების რიცხვი წინა წელთან შედარებით დაახლოებით განახევრდა;
2019 წელს ადგილობრივი თვითმმართველობებიდან მიღებული სრულყოფილი პასუხები 10%-ით შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 11%-ით გაიზარდა", - წერია ანგარიშში.
რაც შეეხება ყველაზე ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებს, IDFI-ის კვლევით, 2019 წელს ყველა მოთხოვნა სრულყოფილად და 10-დღიანი ვადის დაცვით გასცა 25-მა საჯარო დაწესებულებამ. მათ შორის: 100% – სტატისტიკის ეროვნული სამსახური; 100% – სახალხო დამცველი აპარატი; 100% – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვთ: 99% – საგარეო საქმეთა სამინისტროს და 98.3% – პარლამენტის აპარატს.