იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მესამე კანდიდატს გაესაუბრებიან. საბჭოს წევრების კითხვებს ამჯერად ვასილ როინიშვილი უპასუხებს. ვაკანტური ადგილი სწორედ მის მოქმედ თანამდებობაზე ცხადდება. როინიშვილს მუშაობის 10-წლიანი ვადა დეკემბერში ეწურება.
არამოსამართლე წევრები ამბობენ, რომ როინიშვილი დიდი ხანია, მოსამართლეა და კარგად უნდა იცნობდეს სისტემას.
„ვასილ როინიშვილი დიდი ხანია, მოსამართლეა. საინტერესო იქნება მისგან იმის მოსმენა, თუ როგორ ხედავს ის სისტემას. თუმცა ეს ყველაფერი არის ფასადური", - ამბობს ანა დოლიძე.
საბჭოს წევრებმა მოსამართლეობის ორ კანდიდატს, ლევან თევზაძესა და თამარ ოქროპირიძეს გუშინ უკვე მოუსმინეს.
საბჭოს არამოსამართლე წევრები თევზაძესთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ - ის იუსტიციის საბჭოს წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლისძმაა.