logo
ENG



იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანა დოლიძის წინააღმდეგ

25 ოქტ 201920:30
3 წუთის საკითხავი
 
uyx0gujvwaipwa4.png

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების მორიგი შეტევის ობიექტია. დოლიძის იმპიჩმენტი მოსამართლეებმა პრეზიდენტს მოსთხოვეს. წერილი ადმინისტრაციაში უკვე გაიგზავნა. უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნა ანა დოლიძეს დიმიტრი გვრიტიშვილმა საბჭოს სხდომაზე წაუკითხა. მოსამართლეების მტკიცებით, დოლიძე არღვევს ეთიკის ნორმებს, ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრია.

10-გვერდიანი დოკუმენტიდან 9 დოლიძის მიერ გაჟღერებულ კრიტიკულ განცხადებებს ეთმობა კლანის, სასამართლო სისტემისა და გავრილოვის ღამის შესახებ. ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა. მაშინ დოლიძე მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი იყო. მოსამართლეები დოლიძის შერჩევის პროცესს ფიქტიურს უწოდებენ და მარგველაშვილს საბჭოში პოლიტიკოსის დაბრუნებაში ადანაშაულებენ. ექსპრეზიდენტს თავისი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ ეპარება. ის დარწმუნებულია, რომ დოლიძის იმპიჩმენტი სასამართლო სისტემას დააზიანებს.

„ანა დოლიძემ განსაკუთრებული ფურცელი ჩაწერა თავის ბიოგრაფიაში იმ ბრძოლით, რომელიც მან გაწია ურთულეს ვითარებაში, ურთულეს საკითხთან დაკავშირებით, და პრაქტიკულად მარტომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ანა დოლიძეს თუ შეუწყდება უფლება მოსილება ეს არ იქნება არანაირი პრობლემა ანა დოლიძისთვის, ეს იქნება ბოლომდე ლუსტრირება იმისა რაც ხდება სასამართლო სისტემაში და ეს იქნება პატარა იმედის დასამარება, რომელიც შეიძლება იყოს ამ სრულიად დისკრედიტირებულ სისტემაში,“-განაცხადა მარგველაშვილმა

საბჭოს მოსამართლე წევრების მოთხოვნას აფასებენ პოლიტიკურ წრეებშიც. მმართველი გუნდისთვის დოლიძის იმპიჩმენტი დეპუტატის უფლებამოსილებას სცილდება. საპარლამენტო ოპოზიციისთვის ანა დოლიძე მოსამართლეების კლანის მამხილებელი საბჭოს წევრია. სწორედ ამით ხსნიან ისინი მოსამართლეების სურვილს დაატოვებინონ საბჭო ანა დოლიძეს.

„პრაქტიკულად პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ დღესვე საუბარი იმაზე, რომ ის გავიდეს საბჭოდან შეიძლება იყოს ზედმეტი და არ იყოს ჩემი შესფასებელი,“-განაცხადა უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ

აღნიშნულ საკითხს ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული აზრის დევნად აფასებს.

„ჩვენ ვხედავთ რომ ქართული ოცნება არათუ არ აპირებს მართლმსაჯულების სისტემაში რაიმე სახის ნორმალური პროცესი წავიდეს, არამედ პირიქით აპირებს, რომ ყველანაირი განსხვავებული აზრი დევნოს“-განაცხადა ხოშტარიამ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ დრომდე დუმს. უცნობია, გაიზიარებს თუ არა იმ მოსამართლეებს პოზიციას პრეზიდენტი, რომელსაც ე.წ. კლანის წევრად მოიხსენიებენ. ანა დოლიძე საქმიანობის გაგრძელებას ჩვეული ფორმით გეგმავს და დარწმუნებულია, რომ კლანი მიზანს ვერ მიაღწევს.

 

 

 


close დახურვა