logo
ENG



იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორმა მოსამართლე წევრმა დატოვა

15 მარ 202412:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/15/dn9azz48kaylxmd.jpg

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორმა მოსამართლე წევრმა ბადრი შონიამ და პაატა სილაგაძემ ვადაზე ადრე დატოვა.

ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის ცნობით, ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 მარტის სხდომაზე თქვა.

მათივე ცნობით, შონია და სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან და სხდომაზე სწორედ ეს დასახელდა მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზად.

ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 13 წევრი დარჩა.

"ორი წევრის მიერ საბჭოს დატოვება უშუალოდ კანდიდატების შერჩევის დროს, აზიანებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესს. გარდა ამისა, აჩენს ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, რომ წარმდგენი ორგანო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კვლავ ცდილობს, თავისი რიგებიდან დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა წარსულში"- ნათქვამია სასამართლოს გუშაგის განცხადებაში.

სასამართლოს გუშაგის ცნობით, ბადრი შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, რომელიც 2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, ხოლო პაატა სილაგაძე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, იუსტიციის საბჭოს წევრად 2021 წლის 31 ოქტომბერს აირჩიეს.


close დახურვა