ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამბობს, რომ რუსეთმა უნდა იფიქროს უკრაინაში მცირე სიძლიერის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. შესაბამისი განცხადება კადიროვმა თავის Telegram არხზე გააკეთა.
"ჩემი პირადი აზრით, უფრო კარდინალური ზომების მიღებაა საჭირო, დაწყებული სასაზღვრო ტერიტორიებზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებით მცირე სიძლიერის ატომური შეიარაღების გამოყენებამდე ", - აღნიშნა კადიროვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს თქვა, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, მზადაა ყველა საშუალება გამოიყენოს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღზე სერიოზულად უნდა მიიღოს.