logo
ENG



კადიროვის გარემოცვას რედისონში რიჟვაძე და ბათუმის მერი მასპინძლობდნენ - ფორმულას წყარო

05 ივნ 202320:45
3 წუთის საკითხავი
clock 2537
2023/06/05/l36662zywdo06kw.png

ფორმულას ორი დამოუკიდებელი წყაროს ინფორმაციით, 29 მაისს, ბათუმის სასტუმრო რედისონში რამზან კადიროვის უახლოეს გარემოცვას აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი მასპინძლობდნენ.

წყაროების ცნობით, მომსახურე პერსონალს უთხრეს, რომ მზადდებოდა დახურული ტიპის წვეულება, რომელსაც დაესწრებოდა თორნიკე რიჟვაძე, ასევე ბათუმის მერი და ისინი მაღალი რანგის სამხედრო კატეგორიის სტუმრებს ხვდებოდნენ. წყაროების თქმით, სასტუმროს ლაუნჯი მთელი ღამით იყო დახურული, ხოლო პერსონალი წვეულების მოწყობამდე წინასწარ გააფრთხილეს, რომ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გარეთ არ უნდა გაეტანათ. გარდა ამისა, მომსახურე პერსონალის რაოდენობაც შემცირებული იყო.

ორივე წყაროს ინფორმაციით, სტუმრების სრული შემადგენლობა წვეულების დაწყებამდე უცნობი იყო, თუმცა ადგილზე უცხოეთიდან ჩამოსული რუსულენოვანი პირები იყვნენ. ამასთან, ორივე წყარომ ფორმულას დაუდასტურა, რომ ადგილზე ნახეს ის ავტომობილები, რომლებიც ბოლო 3 დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო/ვიდეო მასალებში ჩანან.

ერთ-ერთი წყარო ფორმულასთან საუბარში ამბობს: ადგილზე "მთავრობის მეთაური ბატონი რიჟვაძე იყო, ასევე ითქვა, რომ იყვნენ სამხედრო პირები იყვნენ ან მაღალი რანგის ადამიანები. ასევე ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო მათი ბელადი. ივანიშვილი ჩვენი მეფეა [наш великий царь]. ასე ბედნიერად გაატარეს მთელი ღამე".

გარდა ამისა, ორ განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან მუსიკალური ბედები, რომლებსაც ფორმულა გამოძიების ფარგლებში ჯერ როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრესამსახურის სახელით, შემდეგ კი უკვე ტელევიზიის სახელით დაუკავშირდათ. ერთ შემთხვევაში მუსიკოსებმა დაადასტურეს, რომ მათგან ინფორმაცია გარეთ არ გავიდოდა, მეორე შემთხვევაში კი ღონისძიებაში მონაწილეობა უარყვეს.

თორნიკე რიჟვაძის პრესსამსახური მის რედისონში სტუმრობას ტყუილს უწოდებს, არადა სასტუმროს სხვა თანამშრომელიც ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობის მეთაური რედისონში 29 მაისს ნამდვილად იმყოფებოდა, ოღონდ ნაცვლად ჩეჩნური დელეგაციისა სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან ჩამოსულ სტუმრებს ხვდებოდა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ორივე უწყება ბოლო ორი დღის განმავლბაში აღნიშნულ საკიტხზე განცხადებას არ აკეთებს. ცნობილია, რომ კადიროვის უახლოესი გარემოცვა საქართველოში სულ მცირე 22 მაისს შემოვიდა - ეს დასტურდება ვიდეო ჯარიმების პორტალით, სადაც ჩანს, რომ მანქანებმა 43-ჯერ დაარღვიეს მოძრაობის წესი და ჯამში 7 450 ლარით დაჯარიმდნენ. ბოლო ჯარიმა 3 ივნისსაა გამოწერილი - უცნობია დატოვეს თუ არა კადიროვის გარემოცვის წევრებმა საქართველო.

***

მანქანები რუსული ნომრებით, რომლებიც 3 ივნისს ნატახტარში, შემდეგ კი ბათუმში გამოჩნდნენ, ერთ-ერთი ვერსიით, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის გარემოცვას ეკუთვნის.

ბათუმში გადაღებულ ფოტოზე ერთ-ერთი მერსედესის მარკის მანქანის ნომერი ემთხვევა მანქანას, რომელიც ჩეჩენი ბიზნესმენის ასლანბეკ ახმეტხანოვ სულთანოვიჩის ინსტაგრამ გვერდზე ატვირთულ ვიდეოში ჩანს.

ამავე თემაზე : ვრცლად


close დახურვა