მანქანები რუსული ნომრებით, რომლებიც გუშინ ნატახტარში, შემდეგ კი ბათუმში გამოჩნდნენ, ერთ-ერთი ვერსიით, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის გარემოცვას ეკუთვნის.
ბათუმში გადაღებულ ფოტოზე ერთ-ერთი მერსედესის მარკის მანქანის ნომერი ემთხვევა მანქანას, რომელიც ჩეჩენი ბიზნესმენის ასლანბეკ ახმეტხანოვ სულთანოვიჩის ინსტაგრამ გვერდზე ატვირთულ ვიდეოში ჩანს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საკითხზე განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია და არ უთქვამს, იმყოფება თუ არა კადიროვის გარემოცვა საქართველოში.
რა ვიცით ასლანბეკ ახმეტხანოვის შესახებ?
ასლანბეკ ახმეტხანოვისა და მისი ბიზნესსაქმიანობის შესახებ ოფიციალური ცნობები ცოტაა, თუმცა რამდენიმე გამოცემა მის დიდძალ ქონებაზე, რამზან კადიროვთან და კრიმინალურ სამყაროსთან კავშირებზე რამდენიმე წლის წინაც წერდა.
კადიროვის საყვედური და შერიგება
გამოცემა Кавказский Узел 2020 წლის აპრილში წერდა, რომ ასლანბერ ახმეტხანოვი მწვავედ გააკრიტიკა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა 2020 წლის 1-ელ აპრილს გადაღებული ვიდეოს გამო, სადაც ის ალკოჰოლს სვამს, ახმეტხანოვი ჩეჩნეთში მიღებულ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკარანტინო ზომებს დასცინის და იარაღიდანაც ისვრის.
ЧГТРК Грозный-ს სიუჟეტში ჩანდა, როგორ საყვედურობდა ჩეჩნეთის ლიდერი ახმეტხანოვს კარანტინისას ალკოჰოლის მიღებასა და იარაღიდან სროლის გამო.
რამზან კადიროვი ახმეტხანოვს, ვინც სოფელ გეხში ცხოვრობდა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავის მრჩეველთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შეხვდა. გავრცელებულ ვიდეოში კადიროვი მიმართავს:
"თუ ასეთი მამაცი კაცი ხარ - ზიხარ ქალებთან ერთად, საუბრობ - რატომ დაიმალე? რატომ არცხვენ შენს ღირსებას? ჩეჩენი ხალხის ღირსებას" - მიმართავს კადიროვი ახმეტხანოვს.
რამზან კადიროვი ბიზნესმენისგან ასევე ითხოვდა, ეთქვა, საიდან ჰქონდა მას იარაღი და ტყუილის შემთხვევაში ემუქრებოდა კიდეც.
"ჩვენ იმდენი იარაღი ჩამოგართვით, რომ ეს გაუგებარია... მე ყველაფერი ვიცი. ერთადერთი შანსი [რაც გაქვს] რომ ქუჩები არ მოწმინდო... იმის მოყოლაა, როგორც მოხდა. თუ არ მოჰყვები, ვფიცავ ყურანის ღმერთს, მთელი ჩეჩნეთის მიწას ენით ალაგოკინებ" - ეუბნება კადიროვი ახმეტხანოვს.
გამოცემის თქმით, ბიზნესმენმა ახმეტხანოვმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში კადიროვს და პირობა მისცა, რომ ეს აღარ განმეორდებოდა. კადიროვთან შეხვედრის შემდეგ ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ახმეტხანოვი სოფელ გეხში რამდენიმე კვირა არ ჩანდა. აპრილის ბოლოს კი გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ ახმეტხანოვი ჩეჩნეთში დაბრუნდა.
გამოცემა Кавказский Узел 2020 წლის მაისში წერდა, რომ კადიროვმა ასლანბეკ ახმეტხანოვს სახლში დაბრუნების უფლება იმიტომ მისცა, რომ ბიზნესმენი ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია და მისი ფინანსური რესურსი ჩეჩნეთის მთავრობას სჭირდება.
გამოცემასთან ინტერვიუში სამოქალაქო დახმარების კომიტეტის თავმჯდომარე სვეტლანა განუშკინა აცხადებდა, რომ "ახმეტხანოვი შეეგუა იმ პოზიციას, რომ [კადიროვთან] მისი ურთიერთობები ისე განვითარდებოდა, როგორც კადიროვი მოისურვებდა. და ასევე ეს დამოკიდებულია ეკონომიკურ მიზნებზე, რადგან საუბარია მდიდარ ადამიანზე და შესაძლებელია, რომ ეს როლს თამაშობდეს“ - განაცხადა განუშკინამ.
მან ასევე გაიხსენა, რომ ზოგჯერ მსგავსი ინციდენტების შემდეგ კადიროვი იმ ადამიანებს, ვინც "დანაშაულს აღიარებდა" და კადიროვს გაამართლებდა მეტად იახლოებდა. "როცა ადამიანი უკან ბრუნდება ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავს ჩეჩნეთში უფრო უსაფრთხოდ გრძნობს, ვიდრე რუსეთის ნებისმიერ სხვა რეგიონში".
ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი პოლკოვნიკის ხამზატ ისრაილოვის თქმით, ფაქტი, რომ ახმეტხანოვი ჩეჩნეთში დაბრუნდა, მხოლოდ ჩეჩნეთის ლიდერის ნებართვით შეიძლებოდა მომხდარიყო.
პოლიტიკური მეცნიერი ტიმურ ალხასტოვი გამოცემასთან აცხადებდა, რომ ახმეტხანოვის შემთხვევის შემდეგ, ყველა დარწმუნდა, რომ "რესპუბლიკაში ყველა საკითხს ერთი ადამიანი წყვეტს, ვისაც შეუძლია, როგორც გაასამართლოს, ისე შეიწყალოს."
ალხასტოვის აზრით, თავისუფალ ახმეტხანოვს ხელისუფლებისთვის მეტი სარგებელი მოაქვს.
"ახმეტხანოვი იდეოლოგიურად ახლოსაა მათთან, ვინც წყვეტს რესპუბლიკის ბედს: იგივე ძვირადღირებული იარაღები აქვს, იგივე პომპეზურობა, თუმცა განსხვავებულ მასშტაბებში." - განაცხადა ალხასტოვმა.
ახმეტხანოვის ქონება
ასლანბეკ ახმეტხანოვის ბიზნესსაქმიანობის შესახებ საჯაროდ მცირე ინფორმაცია იძებნება. 2006 წლის აპრილში მოსკოვში დარეგისტრირდა ნავთობკომპანია იუგ-ოილი. გამოცემა კომერსანტის ცნობით ამ კომპანიის მფლობელი სწორედ ახმეტხანოვი იყო. თუმცა 2019 წლის ნოემბერში ეს კომპანია უკვე სერგეი როდიგინის სახელზე იყო.
2018 წელს იუგ-ოილის შემოსავალი 29.7 მილიონ რუბლს შეადგენდა, უკუგება კი 31.4 მილიონს. 2018-2020 წლებში სრულმა მოგებამ 5 მილიონ რუბლამდე შეადგინა.
ახმეტხანოვი ასევე ნახსენებია სავაჭრო სახლ Nominal-თან, რომელშიც ახმეტხანოვის წილი 25%-ს შეადგენდა. Nominal რუსული ენერგოკომპანია გაზპრომისთვის ამზადებდა და აწვდიდა აღჭურვილობას.
2019 წლის სექტემბერში მოსკოვში დარეგისტრირდა კიდევ ერთი შპს "იუგ-ნეფტი" 60 ათასი რუბლის საწესდებო კაპიტალით. ახალი კომპანიის პრეზიდენტად თავად ასლანბეკ სულთანოვიჩ ახმეტხანოვია დასახელებული, მფლობელად (90%) და გენერალურ დირექტორად ახმეტხანოვის ერთ-ერთი ვაჟი, როჰმან ასლანბეკოვიჩი, ახმეტხანოვის კიდევ 2 ვაჟიც ამავე კომპანიაში კომერციულ და ფინანსურ დირექტორებად იყვნენ დასახელებული.
იუგ-ნეფტის ცნობით, კომპანიების ეს ჯგუფი უზრუნველყოფს ნავთობისა და გაზსადენების და ნავთობის რეზერვუარების მშენებლობის, შეკეთებისა და ექსპლუატაციისთვის საჭირო აღჭურვილობისა და მასალების მიწოდებას..
2023 წლის 4 ივნისის მონაცმეებით, ეს კომპანია აქტიურია. 2022 წელს კომპანიის შემოსავალი 12.8 მილიონი, მოგება კი -6.9 მილიონი რუბლი იყო.
რუსული ბიზნესგამოცემა Rbk Kompanii-ის თქმით, კომპანიამ გასულ საანგარიშო პერიოდში ნულოვანი მოგება ან ზარალი აჩვენა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კომპანიის ღირებულებას ბენეფიციარის თვალში.
2020 წელს ახმეტხანოვი უკანონო საბანკო საქმიანობის გამო დააპატიმრეს. გამოცემა Кавказский Узел აცხადებს, რომ კრიმინალურ სამყაროსთან მისი კავშირი არაერთმა წყარომ დაუდასტურათ.
ერთ-ერთი ასეთი წყაროს ცნობით, ახმეტხანოვს "მისცეს შესაძლებლობა, ჰქონოდა დამოუკიდებელი ბიზნესპროექტები, თუმცა სანაცვლოდ უნდა დაეფინანსებინა ის პროექტები, რასაც მას კადიროვი ანდობდა". წყაროს ცნობით, საუბარია სხვადასხვა სპორტულ ღონისძიების დაფინანსებაზე და ასევე კადიროვის ფონდში ყოველთვიურად თანხის ჩარიცხვაზე.