logo
ENG



კადიროვის თქმით, ჩეჩენი მებრძოლები მზად არიან ბახმუტში ვაგნერის ადგილი დაიკავონ

06 მაი 202300:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/06/epjl3138tan3ww1.jpeg

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამბობს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მისი მებრძოლები ბახმუტში ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებს ჩაანაცვლებენ. ამის შესახებ ის ტელეგრამ არხზე წერს.

"თუ უფროსი ძმა პრიგოჟინი და ვაგნერი წავლენ, მაშინ გენშტაბი გამოცდილ საბრძოლო დანაყოფს დაკარგავს, და მის ადგილას არტემოვსკში [ბახმუტში] მივლენ უმცროსი ძმა კადიროვი და ახმატი. თუ სცენარი ასეთი იქნება, ჩვენი მებრძოლები მზად არიან გავიდნენ და ქალაქი დაიკავონ. ეს რამდენიმე საათის საკითხია. მაგრამ მე ვისურვებდი, რომ დარჩენილი ორი კილომეტრი წავიღოთ არა ჯარისკაცების სიცოცხლის ფასად, არამედ ურთიერთგაგების, მხარდაჭერის, სარდლობისა და მებრძოლების გადაწყვეტილების შედეგად, რომ შეასრულონ უმაღლესი მთავარსარდლის ვლადიმერ პუტინის ბრძანება", - წერს კადიროვი ტელეგრამზე.

სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმი ახმატი რუსეთის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაშია. სპეციალურ დანაყოფს ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის - ახმატ კადიროვის სახელს ატარებს. ახმატი რუსეთის აგრესიაში იღებს მონაწილეობას და უკრაინელები ეჭვობენ, რომ ახმატის მეთაური და სამხედროები მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში მონაწილეობენ.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ. ის უკრაინის ქალაქის დატოვებას სამხედრო შეიარაღების უქონლობას უკავშირებს.

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბოლო 1 თვის განმავლობაში დაქირავებულ მებრძოლებს საჭირო შეიარაღების მხოლოდ 10%-ს აწვდის.

ამასთან უკრაინის შეიაღარებულ ძალებში აცხადებენ, რომ ვაგნერელებს ამოეწურათ არა საბრძოლო მასალა, არამედ მებრძოლები.

ბახმუტი რჩება უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ სექტორად, ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ შეტევას, გრძელდება მძიმე ბრძოლები.

ქალაქისთვის ბრძოლები ცხრა თვეა - გასული წლის აგვისტოდან, გრძელდება. მიუხედავად ეტაპობრივი წინსვლისა, რუსული ძალები ვერ ახერხებენ ქალაქის სრულად აღებას.

თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბი ამბობს, რომ რუსეთმა ბახმუტისთვის ბრძოლაში ბოლო 5 თვეში 20 000 სამხედრო დაკარგა. 

კირბი ამბობს, რომ ეს მონაცემები ამერიკის დაზვერვამ მოიპოვა. მისივე თქმით, დაღუპული სამხედროების ნახევარს ვაგნერის ჯგუფი წარმოადგენს.


close დახურვა