სომხეთში, მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, კორონავირუსმა იფეთქა. კავკასიის რეგიონის იტალია - ასე უწოდებენ მეზობელ სახელმწიფოს ეპიდემიოლოგები.
„ჯოჯოხეთური“ დაარქვა შექმნილ ვითარებას ქვეყნის ლიდერმა. პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, რომელიც თავად ოჯახთან ერთად დასნებოვნებულია, მოსახლეობას ყოველდღე მოუწოდებს, ვირუსის საფრთხეს სრული სერიოზულობით მოეკიდონ. თუმცა მოწოდებები მოწოდებებად რჩება და კოვიდ-დადებითის რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.
როგორც „დროებამ“ მეზობელ სომხეთში გაარკვია, პანდემიის აფეთქებას მოსახლეობის განწყობებმაც შეუწყო ხელი. ერევანში გამოკითხული ადამიანების უმრავლესობას შეთქმულების თეორიების სჯერა და კორონავირუსის რეალურ საფრთხეს უგულებელყოფს. მაშინ, როდესაც საქართველოშიც მოსახლეობა თითქოს მოდუნდა, კაფეები და ღია სივრცეები მოქალაქეებით გაივსო, ჩვენც განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. პირველ ყოვლისა, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვაა საჭირო, რომ ვირუსთან მიღწეული სტაუს-კვო არ დავარღვიოთ და საკუთარი გაუფრთხილებლობის მიზეზით, მოქალაქეები ისევ სახლებში არ ჩაიკეტონ.