საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების დაწესება და უვიზო რეჟიმის შეზღუდვა განიხილება.
შეხვედრის დაწყებამდე კალასმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ "საქართველოში განვითარებული პროცესები არ მიდის სწორი მიმართულებით, სადაც კანდიდატი ქვეყანა უნდა იყოს".
"განვიხილავთ, რა შედეგები იქნება საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც იყენებს რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ. ვიმსჯელებთ, რა უნდა გავაკეთოთ ევროპის მხრიდან. ერთი საკითხია სანქციები და მეორე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა. ჩვენ გვქონდა განხილვები, აქ არის 27 დემოკრატიული ქვეყანა საკუთარი მოსაზრებებით, ამიტომ შეთანხმებას დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ წარვადგინეთ ამ ადამიანების სია. სანქციები ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან და იყენებენ ძალასა და ძალადობას ოპოზიციის წინააღმდეგ.
ასევე, განვიხილავთ, როგორ შევზღუდავთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. სია უკვე შემოთავაზებულია და განვიხილავთ მას. საჭიროა ყველა დაეთანხმოს მას, მაგრამ ჯერ აქ არ ვართ. ასე, რომ ვნახოთ, მივაღწევთ თუ არა ამას"- განაცხადა კალასმა.
ის ასევე გამოეხმაურა ოცნების მიერ ჩატარებულ პრეზიდენტის არჩევნებს.
"რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტი თავის ადგილზეა 29 დეკემბრამდე და მანამდე, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს"- თქვა კალასმა.
დღეს, 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.