თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საარჩევნო აგიტაციაში საჯარო მოხელის ჩართვის შეზღუდვებზე სახელმძღვანელო ინსტრუქციები ბრძანების სახით გამოსცა და ამას უწყების "ქვედა დონეზეც" გაავრცელებს.
2 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ წესებს გამოსცემენ იმისთვის, რათა არ დაირღვეს კანონმდებლობით დადგენილი ინსტრუქცია. კახა კალაძემ მოადგილეებს, მთავრობის წევრებსა და გამგებლებს დაავალა, ინსტრუქციები მაქსიმალურად გაავრცელონ თანამშრომლებში.
"საჯარო მოხელეების ქცევის წესები განვსაზღვრეთ, რომელთან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა დაწესებულებასა და საჯარო მოხელეს გადავუგზავნით. გამოვცემთ წესებს იმისთვის, რომ არ დავარღვიოთ კანონმდებლობით დადგენილი ინსტრუქცია. [...] ბევრმა შეიძლება, არ იცოდეს რისი უფლება გვაქვს, რისი უფლება არ გვაქვს და მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ქვედა დონეზე ჩაიშალოს.
მერიის საჯარო მოხელეს ეკრძალება აგიტაციაში მონაწილეობის მიღება სამუშაო საათებში. არასამუშაო საათებში მათ სრული უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პარტიის ღონისძიებაში. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონდე პირს, კამპანიის პერიოდში ეკრძალება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, კანდიდატის მხარდასაჭერად წინასაარჩევნო აგიტაციისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ასევე, ჩვენს თანამშრომლებს ეკრძალებათ სხვადასხვა შენობა-ნაგებობებზე სააგიტაციო მასალების გაკვრა სამუშაო საათებში", - ამბობს თბილისის მერი.