logo
ENG



კალაძე: დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელია იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა

26 სექ 202315:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/26/xwx0a3n2bwccuz1.png

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, „დეპუტატების მხარდაჭერით შესაძლებელი იქნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა“.

"იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, თუმცა არაფერს არ გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის [იმპიჩმენტის] ბოლომდე მიყვანა. იმიტომ, რომ არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას.

კონსტიტუციაში ძალიან ნათლად, თეთრზე შავით წერია, რომ მან [საქართველოს პრეზიდენტმა] უნდა შეათანხმოს მთავრობასთან და მთავრობისგან უნდა მიიღოს ნებართვა. თუ აქამდე ის ამას აკეთებდა და უთანხმებდა მთავრობას მის წასვლა-არ წასვლასთან დაკავშირებით, დღეს რატომ გახდა ეს ყველაფერი აბსურდი? ისმის ეს კითხვა. ცხადია, რა არის ამის მიზეზი. რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება, რაც ძალიან ცუდია, თუმცა ეს მისი არჩევანია", - ამბობს კალაძე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტის გარდა, 26 სექტემბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ედგარს რინკევიჩსა და 27 სექტემბერს ვილნიუსში ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ, გიტანას ნაუსედას შეხვდება.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს. არსებითი განხილვა 12:00 საათზე იქნება - მასში მონაწილეობას მიიღებენ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტი.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტზე წარდგინება წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

პირველ სექტემბერს ქართულმა ოცნებამ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან  "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია". 

ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა. 

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.


close დახურვა