თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეებზე არ ძალადობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
ერთ თვეზე მეტია მოქალაქეები პარლამენტთან და საქართველოს მასშტაბით რუსულ კანონს აპროტესტებენ. ამ ხნის განმავლობაში პოლიციამ და სპეციალური დანიშნულების რაზმებმა არაერთხელ გამოიყენეს ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების დასაშლელად. სოციალურ ქსელებში ათეულობით კადრი გავრცელდა, რომლებშიც ჩანს, რომ დაკავებების პარალელურად სპეცრაზმელები მომიტინგეებს ფიზიკურად უსწორდებიან, ატარებენ ცემის კორდონში. ათეულობით დაკავებულს ძალადობის კვალი აღენიშნება. ამავე დროს კი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება ამბობს, რომ ის არა ახალგაზრდებს, არამედ "არაკაცებს" სცემს.
"ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ არსებობს ასეთი ფაქტი... იყვნენ ისეთი მოქალაქეებიც, ვინც ისროდა ბოთლებს, ქვებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს, ამას, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, კანონის ფარგლებში", - თქვა კალაძემ და დაამატა, რომ ხარებას არ იცნობს.