ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტიაში არსებული ინფორმაცია, რომ "ოპოზიცია გლდანსა და კიდევ რამდენიმე უბანზე დესტრუქციულ ქმედებას გეგმავდა", გამართლდა.
კახა კალაძემ რამდენიმე უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან მობილიზებული, ისევ ოპოზიცია დაადანაშაულა. მისივე მტკიცებით, "შტაბის წევრები შეირაღებულები არიან".
"გეგმის შესახებ გვქონდა მათი ე.წ. რევოლუციური შტაბიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რაც დადასტურდა კიდეც. დღეს მათი შტაბის წევრები პისტოლეტებით შეირაღებული, დარბიან საარჩევნო უბნებზე და ყველას გვახსენებენ იმ მძიმე საარჩევნო პრაქტიკას, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში იყო ჩამოყალიბებული. გავაფრთხილეთ საზოგადოება, მედია და საერთაშორისო პარტნიორები, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნების დღეს, 16:00 საათიდან გეგმავდა მძიმე პროვოკაციების მოწყობას. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, იმის შესახებ რომ პროვოკაციების ეპიცენტრად განიხილებოდა რამდენიმე რაიონი, მათ შორის ბოლნისი, დმანისი, მარნეული და გლდანი. თუ დააკვირდებით მათი ზონდერების კონცენტრაცია სწორედ ამ რაიონებში ფიქსირდება. ინციდენტი დაფიქსირდა გლდანში, სადაც ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ცნობილმა როგორც "ჭყიპინა", თუ არ ვცდები ირაკლი ეძგვერაძე ჰქვია, მძიმე პროვოკაცია მოაწყო", - აღნიშნა კალაძემ.
კალაძემ ასევე არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი პარლამენტში 100 მანდატს მიიღებს.
"ყველას შევახსენებ, რომ არჩევნები 1 დღე გრძელდება. დღეს საღამოს დაფიქსირდება ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება. პარტია მიიღებს 100 მანდატს პარლამენტში. მივმართავ ყველას ვინც ადგენდა დესტრუქციულ გეგმებს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე. ზონდერების და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში დასრულებულია", - განაცხადა კახა კალაძემ.
გლდანში, 79-ე და მე-80 საარჩევნო უბნებთან რამდენიმე საათია, ვითარება დაძაბულია. არის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
გლდანის საარჩევნო უბნებთან დილიდან მობილიზებულები არიან ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც ოპოზიციის და ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან, პროვოკაციებში კი ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებენ.
თავს ესხმიან ჟურნალისტებსაც. დღეს გლდანის 79-ე უბანთან თავს დაესხნენ პუბლიკას ჟურნალისტს, ტვ პირველის რეპორტიორმა კი ფიზიკური დაზიანებაც მიიღო.
მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არაერთ უბანზე სხვადასხვა დარღვევა ვლინდება. შსს-მ 6 ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გამოძიებაც დაიწყო.
დღეს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. საქართველო X მოწვევის პარლამენტს, წინა წლებისგან განსხვავებული სისტემით ირჩევს - მეათე მოწვევის პარლამენტში 120 მანდატი პროპორციული სიით შეივსება, 30 - მაჟორიტარულით.