თბილისის მერი კახა კალაძე, შუათითის ჩვენებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ფეიკ ნიუსია.
კალაძე განმარტავს, რომ თითი არა აქციის მონაწილეებს, არამედ თავის მეგობარს აჩვენა და არ თვლის რომ მეგობართან, როგორც თბილისის მერს, თმენის ვალდებულება გააჩნია.
„ვნახე ვიდეო და არ ვიცი რა დავარქვა. დავარქმევდი სამარცხვინოების უმაღლეს მწვერვალს. ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ მზადდება ფეიკ ნიუსი. მე ვისაც ვუჩვენებ შუა თითს, ის ადამიანები აქ არიან ახლა და იციან. ჩემი საქმეა მე ვისაც ვაჩვენე, მაგრამ თქვენი მხრიდან გაჟღერებული ამბავი, რომ აქციის მონაწილეებს ვაჩვენე, არის არასწორი ინფორმაცია. თავშეკავებით არ გამოვირჩევი-ხოლმე, სათქმელს ყოველთვის ვამბობ. ვისაც ვაჩვენე, არ ყოფილა აქციის მონაწილე, რომ მეჩვენებინა, ვიტყოდი. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ მზადდება ფეიკ ნიუსები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაგტოვოთ სიცრუეში. მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც თქვენ. რა შუაშია თმენის ვალდებულება, ჩემს მეგობართან, ეს რა თქვენი გასარჩევია, თუ არ დაიჯერებთ თქვენი საქმეა. თქვენ ხართ ფეიკ ნიუსის შექმნის პროფესიონალები. შეგიძლიათ გააგრძელოთ, ხართ აბსოლუტურად თავისუფალი,“ - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, "ფორმულას" ოპერატორმა გადაიღო კადრი, სადაც ჩანს, თუ როგორ უჩვენებს კალაძე შუა თითს, სწორედ იმ მიმართულებით, სადაც აქცია მიმდინარეობს.