დედაქალაქის მერისა და ქართული ოცნების ლიდერის კახა კალაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩვეულებრივად ჩატარდება და მმართველმა ძალამ შესაბამისი სამზადისი უკვე დაიწყო. მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების შესახებ არალეგიტიმურია, რადგან გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.
"მეორე ტურისთვის ვემზადებით ჩვენ. გუშინ უკვე გვქონდა პირველი შეხვედრა ჩვენს შტაბებთან. მიდის უკვე მზადება და მეორე ტური ჩატარდება ჩვეულებრივად...რიგგარეშე არჩევნები ტარდება იქ, სადაც არჩევნები ყალბდება და ასეთი რამ აქ არ მომხდარა. არანაირი საფუძველი არ არსებობს ხელახალი არჩევნების ჩატარების", - თქვა კალაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად მიმდინარე აქციებისა და პროტესტისა, კალაძე მიესალმება ოპოზიციური სპექტრის პარლამენტში შესვლას.
"მივესალმებოდი იმას, რომ ოპოზიციური პარტიები შემოსულიყვნენ პარლამენტში იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ გარკვეულმა ნაწილმა ზუსტად იმიტომ დაუჭირა ამ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს მხარი და გამოუცხადა მხარდაჭერა, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში",-განმარტა კალაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციაში შესული საჩივრების დათვლასა და დაზუსტებას, დედაქალაქის მერის თქმით, პროცედურა იყო გამჭვირვალე. კალაძის შეფასებით, 11 უბნის მონაცემების დათვლამ დაადასტურა, რომ არცერთ უბანზე არ მომხდარა არჩევნების გაყალბება.
"ყველა ამ უბნის შემთხვევაში, ოქმებში დაშვებული უზუსტობები მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა. სამწუხაროდ ოქმების გადათვლა მიმდინარეობდა ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე როგორც საოლქო კომისიების შენობებთან, ისე თვითონ შიგნით შენობაში",-აღნიშნა კახა კალაძემ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და გაყალბებულს უწოდებს. ამ მიზნით 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მასშტაბური აქციაც დაანონსდა.
საარჩევნო დარღვევებსა და ოქმებში არსებულ დისბალანსსზე საუბრობს არასამთავრობო სექტორიც.