კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია არ ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომელიც საზოგადოებისთვის საფრთხისშემცველია. ასე უპასუხა მან ანტიკორუფციული მოძრაობის წევრს, რომელიც ავარიულ კორპუსთან დაკავშირებით დედაქალაქის მერს კითხვებს უსვამდა.
"იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ამ ქალაქის და ხალხის წინაშე, მერწმუნე, კახა კალაძე თავის გუნდთან ერთად არ მიიღეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საფრთხის შემცველი იყოს, თუნდაც, მინიმალურად 1%-ით და პრობლემები შეუქმნას მოსახლეობას... რომელი პროექტი ყოფილა, დედაქალაქის მერიას განეხორციელებინოს, რომელიც საფრთხისშემცველია საზოგადოებისთვის ან მოსახლეობისთვის, ერთი პროექტი მითხარი, თუ ყოფილა ასეთი", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კვლევებით დადასტურდება, რომ პროექტის განხორციელება საშიშია, "რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ვინ მიიღებს, რომ პროექტი განხორციელდეს".
კალაძეს არაფერი უთქვამს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რომლის შემდეგაც თბილისის მერიის, მათ შორის კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ რამდენჯერმე მოითხოვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა და დაიბარა კახა კალაძე.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის მოთხოვნას უპასუხა და თქვა, რომ "მოიცლის მათთვისაც და შეკითხვებს პასუხს გასცემს"
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა განაცხადა, რომ შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა. 19 ოქტომბერს გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს - მათ პატიმრობაც შეეფარდათ. უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.