მას შემდეგ, რაც ტვ იმედის ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით კახა კალაძემ გამარჯვება იზეიმა, მან ბრიფინგიც გამართა და სხვა ჟურნალისტები პროვოკაციაში დაადანაშაულა.
"არჩევნებს რაც შეეხება - ჩატარდა მშვიდობიან გარემოში. არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთლიანად არჩევნები, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა საშუალება, ამომრჩევლისთვის გაეცნო თავისი ხედვები, თუ ჰქონდა ასეთი. დღევანდელმა დღემაც მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმ მიზანმიმართულ პროვოკაციულ მცდელობებს კონკრეტული ჟურნალისტების და ტელევიზიების მხრიდან". - თქვა კალაძემ.
ტვ იმედის ეგზიტპოლის მიხედვით, რომელსაც კალაძემ "ჩვენი" უწოდა, კახა კალაძემ ხმების 51% მიიღო.
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმები 18:00 საათისთვის ასე განაწილდა:
კახა კალაძე, ქართული ოცნება N41 - 43%
ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 39%
გიორგი გახარია, საქართველოსთვის N25 - 7%
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
ოპოზიცია დღევანელ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს.
შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.