logo
ENG



კალაძე: რუსთაველსა და მთაწმინდის პარკს შორის საბაგიროს მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება

22 მარ 202312:58
3 წუთის საკითხავი
clock 297
2023/03/22/xt7n6qxxyrnhkps.jpg
თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის ცნობით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

კალაძის თქმით, საბაგირო ერთ გზას ოთხ წუთში დაფარავს და საათში, დაახლოებით, 1 100 მგზავრს მოემსახურება.

ამის შესახებ მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით,  მთაწმინდის ფერდზე ახალი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი ცნობით, ამ პროექტზე მუშაობა მერიამ 2021 წელს დაიწყო და იყო გარკვეული სირთულეები.

"აღნიშნული პროექტის განხორციელება 2021 წელს დავიწყეთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, როდესაც აღნიშნული პროექტი დასრულდება. რაც შეეხება მთაწმინდის ფერდს, მიმდინარეობს ახალი სადგურის მშენებლობის სამუშაოები. გარკვეული სირთულეები იყო აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით - ტერიტორიიდან მოგვიწია რამდენიმე ოჯახის გასახლება იმისთვის, რომ სამუშაოები უსაფრთხოდ განხორციელებულიყო და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, არანაირი საფრთხე არ ყოფილიყო. მთაწმინდის პარკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ჩამოსვლა და პირიქით, შესაძლებელი იქნება ოთხი წუთის განმავლობაში. საბაგირო ერთი საათის განმავლობაში, დაახლოებით, 1 100 მგზავრს მოემსახურება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დასრულდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე  21 გონდოლა იმოძრავებს. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი - 845,55 მეტრი იქნება.

 

close დახურვა