კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე კვირიდან, ვაკის პარკი სრულად დაიკეტება.
კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ რეაბილიტაციის პროცესში ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი შეუნარჩუნდება.
„დაწყებულია ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების განახლება, მოწესრიგება. ამ მიმართულებით, ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ეს არის სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მის განახლებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მივიღეთ. ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც ამ პარკს გააჩნია, თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე, ყველაფერი შენარჩუნდება და მოწესრიგდება“, - თქვა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის დაგეგმვამდე, თბილისის მერიამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა ჩართო და მათი წინადადებებიც გაითვალისწინა.