თბილისის მერი, ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს.
კალაძემ თქვა, რომ თავს იკავებს სააკაშვილის შესახებ განცხადებების გაკეთებისგან და მისთვის მთავარი დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებია.
"ახლა ჩემთვის მთავარი არის საქმე. უამრავი პროექტია გასაკეთებელი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილისაც. ყველაფერი კეთდება ამისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი". - განაცხადა მან.
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული და ვინ არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობაზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ მისი უფლებები დაცულია, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური.
„რა თქმა უნდა, ყველა პატიმრის უფლება არის დაცული. მე არ მინდა ამ საკითხზე პოლემიკაში შესვლა. შესაბამისმა სამსახურებმა დღეს გააკეთეს კომენტარი, რაც ვრცლად აჩვენებს, თუ როგორ არის მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული - სამედიცინო აღჭურვილობით, დამატებითი სამედიცინო ბრიგადებითა და ყველა საჭიროებით. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არის პენიტენციური სამსახური". - ამბობს კახა კალაძე.