თბილისის მერმა კახა კალაძემ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ განაშენიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს "ურბანული გენოციდის მაგალითია".
კალაძის თქმით, ტერიტორიაზე არ არის განსაზღვრული, როგორ უნდა იყოს დაგეგმარებული გზები და ამასთან ერთად, არც რეკრეაციული ზონებია მოწყობილი.
"სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი. მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არავის მოგვწონს ის განაშენიანება, რაც აგილზეა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ნებართვის გამცემები, ისე მიმღებები, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მაღალ კორპუსს ჩადგამდა. არანაირად არ არის განსაზღვრული ურბანულად, თუ გზები როგორ უნდა იყოს დაგეგმარებული, რეკრეაციულ სივრცეებზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. რომ შეხვიდე, შეიძლება ვეღარ გამოხვიდე თუ იქ არ ცხოვრობ და არ იცი კონკრეტული ქუჩები", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ტყვარჩელის ქუჩაზე არსებული ბარაკების ნაცვლად, 1 500 კვადრატულ მეტრზე სკვერი მოაწყოს.
"ტყვარჩელის ქუჩის 5 ნომერში მდებარეობდა ბარაკები. მოთხოვნა იყო, რომ ამ ბარაკების მაგივრად აშენებულიყო ისევ საცხოვრებელი კორპუსები, რაც ვფიქრობ ამ კონკრეტული ადგილისთვის იქნებოდა დამატებითი პრობლემა. შესაბამისად ჩვენ მოველაპარაკეთ ამ ოჯახებს, გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა და დააახლოებით 1 500 კვადრატული მეტრი, სადაც ბარაკები იყო განთავსებული, მოაქვს მუნიციპალიტეტს. ვიწყებთ ამ ბარაკების დანგრევას და ამ ადგილზე აშენდება სკვერი, სადაც ელემენტარულად იქ მცხოვრებ ადამიანებს საშუალება ექნებათ, პატარები სკვერში გაასეირნონ", - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.