თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება.
როგოც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სპეციალისტთა რეკომენდაციების ფარგლებში, ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლებსა და სერვისცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
„თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული და გათვალისწინებული სპეციალისტთა რეკომენდაციები. რეკომენდაციების ფარგლებში ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვისცენტრებში, ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება. მინდა დავამშვიდო მოქალაქეები, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა სხდომაზე სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა:
„სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის გაცემის დაფინანსება სემესრტულად წელიწადში ორჯერ, თითოეული სტუდენტის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით ხდება. სასწავლო გრანტის ფარგლებში 51-დან 70 ქულის შემთხვევაში დაფინანსების ოდენობა იქნება 50%, ხოლო 71-დან 81 ქულის შემთხვევაში - 70%, 91-100 ქულის მქონე სტუდენტები სრულად, 100%-ით იქნებიან დაფინანსებული“, - აღნიშნა კალაძემ.