ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ეხმაურება და აღნიშნულ კონტექსტში ამბობს, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე დეტალების გასაჯაროება კონკრეტული პოლიტიკოსების არასანდოობაზე მიუთითებს.
ამასთან, კალაძე აცხადებს, რომ არჩევნების ხელახალ ჩატარებას არანაირი საფუძველი არ აქვს.
"რაც შეეხება მესამე რაუნდს, შეხვედრები მიმდინარეობს. დაველოდოთ, როგორ წარიმართება, თუ მოხდება კონსენსუსის მიღწევა, გაირკვევა მომდევნო დღეების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ მოლაპარაკებები, რაც მიმდინარეობს ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, მგონი, ყველას აქვს შეთანხმება აღებული, რომ ეს შეთანხმება, ვიდრე ბოლომდე არ იქნება მიღწეული და არ იქნება ხელმოწერილი, დეტალებზე საუბრისგან თავი უნდა შევიკავოთ. თუმცა, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციების გამოტანა და აქაც კარგად ჩანს, რომ ეს პოლიტიკოსები არიან არასანდოები, როგორც ზოგადად ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენ საერთაშორისო მეგობრებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ ჩანაწერებს, რაზეც აპელირება მიდის, ჯერ ერთი ხელისუფლებას არანაირი უფლებამოსილება არ აქვს იმის, რომ ვიღაცა გაათავისუფლოს და გამოუშვას, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილება. რაც შეეხება არჩევნების ხელახალ ჩატარებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციის მიერ შემუშავებული დოკუმენტი დოკუმენტი არც ერთ პარტიას არ გაუსაჯაროებია. თუმცა, ის ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი მიმდინარეობს.
ისინი დღეს იმ 4-პუნქტიან გეგმას განიხილავენ, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა.
4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. მათი თქმით, ეს დოკუმენტი არის ერთგვარი რუკა, რომელშიც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე არის ლაპარაკი.
წარდგენილ წინადადებებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნასაც ეხება.
მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება.
რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ფასილიტატორები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები არიან. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უკვე 2 შეხვედრა შედგა, თუმცა, უშედეგოდ.
თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.