თბილისის მერი კახა კალაძე TV პირველსა და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს სასამართლოში უჩივის. მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის კი მერი 100 ათას ლარს მოითხოვს.
როგორც ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ თქვა, კალაძემ სარჩელით სასამართლოს მიმართა 20 ივნისს ცილისმწამებლური ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. 24 აგვისტოს სარჩელი ჩაბარდა TV პირველსა და ჟურნალისტს მაია მამულაშვილი. მისივე განმარტებით, შესაგებლის წარმოსადგენად კი 3 დღეა დარჩენილი.
თბილისის მერი მაია მამულაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დავობს.
"სამაუწყებლო კომპანიის TV პირველის ეთერში გავიდა მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემა დღის ამბები, სადაც ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ იქნა შემდეგი შინაარსის განცხადება: "კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო. მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო კახა კალაძემ. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, მე არ ვიგონებ. 60 მილიონი ჩაიდო ჯიბეში კახა კალაძემ. 60 მილიონი როგორ ჩაიდო ჯიბეში კახა კალაძემ რომლის დოკუმენტები აგიფრიალეს ცხვირწინ. დოკუმენტები ჩვენ არ დაგვიწერია.
თქვენ ხედავთ რომ აქ არის წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გავრცელებული, რისი უფლებაც აქვთ ჟურნალისტს. რამდენჯერმე დამაჯერებელ ფორმაში თქვა მაია მამულაშვილმა, რომ "ჩაიდო ჯიბეში" და ამაზე არსებობს კონკრეტული დოკუმენტაცია.
[...] გვაინტერესებს ის დოკუმენტაცია, რომელზეც საუბრობდა ჟურნალისტი მაია მამულაშვილი, კონკრეტული ფაქტი, რომ კახა კალაძემ 60 მილიონი "ჩაიდო ჯიბეში". ეს მიზნად ისახავდა მხოლოდ კალაძის დისკრედიტაციას და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში", - თქვა ადვოკატმა.
ადვოკატის განცხადებით, არც ერთი "ასეთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე" პირადად კახა კალაძის მხრიდან და სარჩელების შეტანას სისტემური ხასიათი ექნება.