თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თბილსერვის ჯგუფის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ნაწილი რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით გაიფიცა. მერი მათ "კრიმინალებს" უწოდებს და ამბობს, რომ ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ სამუშაოზე დაბრუნებულ სხვა თანამშრომლებს.
კალაძე გვიან ღამით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ქალაქში გავიდა და ადგილიდან ფეისბუქზე პირდაპირ ეთერში გავიდა.
"რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით, მოხდა გაფიცვა, უფრო სწორად, გაფიცვის მცდელობა იყო. ადამიანების ნაწილი, ვინც დაბრუნდა სამუშაოზე, მიდიოდა მათი ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს. ეს არის დასჯადი და ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - აცხადებს კალაძე.
მერის თქმით, გაფიცულები ტყუილს აჟღერებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელფასები არ მომატებულა. ის ამბობს, რომ გასულ წელს ხელფასები 20 პროცენტით გაიზარდა და ამ საკითხს იანვარში კიდევ ერთხელ დაუბრუნდებიან. რაც შეეხება ტექნიკას, კალაძე განმარტავს, რომ 2 წლის წინ ახალი ტექნიკა შეიძინეს და მომავალშიც იმავეს აპირებენ. უნიფორმებთან დაკავშირებით კი კალაძე აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად ახალი რიგდება, წელს კი ტენდერის გამოცხადებისას გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, თუმცა უკვე მოგვარებულია.
"თქვენ ვერ მოიტანთ ვერც ერთ ჩემს ნათქვამს, თითქოს, ვარ უკმაყოფილო თბილსერვისის თანამშრომლებით. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, მიზანმიმართულად გავრცელებული ჭორი, კონკრეტულად იმ პროვოკატორების მიერ, ვინც დღეს იქ აბუნტებდა ადამიანებს. ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში", - განაცხადა კახა კალაძემ.