logo
ENG



კალაძე გახარიას გადადგომაზე: არ იყო სწორი და ლამაზი

13 ივნ 202123:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/13/kpzb8zznx504ns6.jpg

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვება "სწორი და ლამაზი" არ იყო.

როგორც მან იმედის ეთერში ისაუბრა, ის მიიჩნევს, რომ გადადგომის გადაწყვეტილება პირადად გახარიასთვის იყო დამაზიანებელი და ამას საზოგადოების მხრიდან შესაბამისი შეფასებები მოჰყვება.

"მისი გადაწყვეტილება მე არ მოვუწონე. პირადად ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი და ლამაზი მისი მხრიდან. როდესაც შენ ხარ ქვეყნის პრემიერმინისტრი, პირველი პირი, ერთ-ერთი ლიდერი გუნდში, ასეთ რთულ ვითარებაში, თან როდესაც ყველას ერთი მოსაზრება გვქონდა და მოსაზრება იყო მარტივი - სახელმწიფო უნდა სახელმწიფობდეს და კანონი უნდა კანონობდეს, მორჩა, არ აქვს მნიშვნელობა შენ თანამდებობა გაქვს, რაღაცას წარმოადგენ, თუ დანაშაულს ჩადიხარ, შესაბამისად კანონმა უნდა იმოქმედოს.

ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, მე ვფიქრობ, პირველ რიგში დამაზიანებელი იყო მისთვის. საქართველოა, საქართველოში ვცხოვრობთ, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას შესაბამისი შეფასებები მოჰყვება საზოგადოების მხრიდან და ეს, რა თქმა უნდა, მომავალში აისახება მასზე და მის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც", - თქვა მან.

კითხვაზე, არის თუ არა ქართული ოცნებისთვის გახარიას წასვლა დანაკლისი, ის ასე პასუხობს:

"ცხადია, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ერთ-ერთი რეიტინგული პოლიტიკოსი. მე, როგორც გუნდის წევრს, გული დამწყდა, როდესაც ასეთი რეიტინგული ფიგურა ტოვებს გუნდს. როგორც ფეხბურთში - როდესაც ძლიერი ფეხბურთელები გყავს და ვიღაც მიდის, გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, ეს გუნდზეც აისახება. ძალიან გულდასაწყვეტი, ძალიან ცუდი იყო ეს გადაწყვეტილება".

გახარიამ თანამდებობა და ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

29 მაისს გახარიამ საკუთარი პარტიის საქართველოსთვის პრეზენტაცია გამართა. 


close დახურვა