თბილისის მერი, კახა კალაძე ოთხი ტელევიზიის შეთავაზებას საერთო დებატებთან დაკავშირებით არ იღებს. კალაძემ კრიტიკული მედია ცილისწამებაში დაადანაშაულა.
"არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან მე არასდროს თქვენთვის მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც თქვენ აკეთებთ ჩემ წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ უნდა მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. უკვე ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზე გადავიდნენ", - აცხადებს კალაძე.
მერი ამბობს, რომ მზადაა ყველა კანდიდატთან ერთობლივ დებატებში მიიღოს მონაწილეობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი და კავკასია საჯაროდ იწვევენ დებატებში თბილისის მერობის სამ კანდიდატს, რომლებიც ბოლო კვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ: კახა კალაძეს, ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას.
სამივე კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, დებატები გაიმართება ოთხივე არხის ერთიან ეთერში, 28 სექტემბერს, სამშაბათს, 22:00 საათზე.