logo
ENG



კალაძე დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაციაზე: მივმართავ ადმინისტრაციას მოვაჭრეებს დაეხმაროს

22 სექ 202612:48
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/22/5zdsaz1kzltphy1.png

ე.წ. დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაცია იწყება, რომელსაც მისი მფლობელი, კერძო მესაკუთრე განახორციელებს.

"ქართული ოცნების" მერის, კახა კალაძის თქმით, სამუშაოებზე მერიამ ნებართვა გასცა, თუმცა, ის კერძო მესაკუთრეს მოუწოდებს, სამუშაოების დასრულებამდე მოვაჭრეებს სხვა სივრცე გამოუყოს. მისი თქმით იმ პერიოდში, როცა ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყება, მოვაჭრეებმა მუშაობა უპრობლემოდ უნდა შეძლონ. 

"ე.წ. დეზერტირების ბაზართან ხმაური იყო, ამის მიზეზი გახდა ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. პირველი რაც მინდა ვთქვა, აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს. მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს ტერიტორიის მოწესრიგება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

მე მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს იქ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს, არის მძიმე ანტისანიტარია. იმაზე, რომ იქაურობა იყოს მოწესრიგებული, განახლებული და რეაბილიტირებული, მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი ნებართვა გაცემულია.

თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოწესრიგების პროცესმა იქ დასაქმებული ადამიანები არ დააზიანოს და არ დააზარალოს. ტერიტორიის მოწესრიგებაზე, განახლებასა და რეაბილიტაციაზე ნებართვა არ ნიშნავს ადამიანების ერთ დღეში, ალტერნატივის გარეშე, სამუშაოს გარეშე დატოვებას.

ამ ადამიანებს ჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა. მათ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ...ამიტომ, ბაზრის ადმინისტრაციას მივმართავ, მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა უზრუნველყოს და მათი საქმიანობის გასაგრძელებლად შესაბამისი სივრცე გამოიყოს, რომ ისინი ყველაფრის გარეშე არ დარჩნენ...

სანამ რეაბილიტაცია იქნება ტერიტორიაზე, ამ ადამიანებმა მუშაობა პრობლემების გარეშე უნდა გააგრძელონ", - თქვა კალაძემ.

გუშინ, "დეზერტირების ბაზართან" გარემოვაჭრეებმა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება გააპროტესტეს. 

მანამდე, კომპანია "თბილისი მოლმა" განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამო, მასშტაბური, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. კომპანიის განმარტებით, სანიტარიული დარღვევები საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

გარემოვაჭრეები ეჭვობენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ბაზრის ტერიტორიაზე დაბრუნებას ვერ შეძლებენ და ახალ სავაჭრო კომპლექსს ააშენებენ, რის გამოც ისინი ერთადერთი სამუშაოს გარეშე დარჩებიან. 

 


close დახურვა