თბილისის მერი კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ განცხადებას "სამარცხვინოს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი "გონზე არაა" თუ რა პროექტზეა საუბარი.
"სამარცხვინოა უბრალოდ მისი განცხადება. ზოგადად, მისი ქმედებებია სამარცხვინო ბოლო თვეების განმავლობაში და ბოლო წლების განმავლობაში. ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის რა პროექტზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის არსებობა.
თუ სურვილი ჰქონდათ ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს, მიეღოთ მონაწილეობა, ყოფილიყვნენ გამარჯვებულები და განეხორციელებინათ ეს პროექტი, ვინ უშლიდათ", - ამბობს კალაძე.
გუშინ, 3 ივნისს პრეზიდენტმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ჩინელების ამ დოზით შემოყვანა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში დანის ჩარტყმაა".
***
29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა.
მარტში პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ პორტთან დაკავშირებით "კონკრეტული სამუშაოების" ივნისიდან დაიწყებოდა.
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.
ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.
TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.
3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებდა და ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის მიზანმიმართულ ჩაგდებაზე საუბრობდა.