logo
ENG



კალაძე მძღოლებს: თუ ზამთრის სეზონის საბურავები არ გიყენიათ, თავი შეიკავეთ მოძრაობისგან

17 თებ 202111:40
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერი კახა კალაძე მძღოლებს მოუწოდებს, თუ ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ, ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. 

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, ეს საზოგადოებას გარკვეულ პრობლემებს უქმნის.

"გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც საცობები შეიქმნა. იმ ავტომობილების გამო, რომელთაც ზამთრის საბურავები არ უყენიათ, გზა ჩაიხერგა. მინდა, ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კერძო ავტომობილით გადაადგილდება, თუ ზამთრის სეზონის საბურავი არ უყენიათ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან ეს საზოგადოებას გარკვეულ პრობლემებს უქმნის", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქში ტექნიკური მარილის დაყრა და გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. 

"დედაქალაქში გაგვითოვდა. თბილსერვის ჯგუფის ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, მუშაობა ახლაც გრძელდება. მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა და გზის გაწმენდის სამუშაოები. პარალელურად, გამგეობები ჩაერთვებიან შიდასაუბნო გზების გაწმენდის პროცესში. სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სანამ პრობლემა არ მოგვარდება", - თქვა კალაძემ.


close დახურვა