თბილისის მერი კახა კალაძე ორხევში საცხოვრებელი სახლების ნგრევას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ მშენებლობები უკანონოდ მიმდინარეობდა.
"არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს და უკანონო მშენებლობა აწარმოოს. სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით.
ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს, 28 იანვარს თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების ნგრევა დილის 7 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის დანგრეულია 5-ზე მეტი სახლი. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.