logo
ENG



კალაძე ჟურნალისტებს: თუ ასე გააგრძელებთ, იქნებით ისევ ნოლები

03 თებ 202214:23
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტები შეურაცხმყოფელად მოიხსენია და მათ ინტერვიუს დროს "ნულები" უწოდა, როდესაც მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის შესახებ დაუსვეს კითხვა.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის თქმით, მერიაში აქტივისტებს ასაქმებენ და ამიტომ გახდა საჭირო ახალი შენობის აშენება, რაზეც თბილისის მერმა ასე უპასუხა:

"ეს არის დიდი ტყუილი და სიცრუე, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ მუნიციპალიტეტის და ჩემ წინააღმდეგ. არასდოს არ შეგრჩებათ სიცრუე, არასდროს არ შეგრჩებათ ის, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მიაწოდოთ ცრუ და ტყუილი ინფორმაცია, მერე გიკვირთ, რატომ ხართ ნოლები და დაფიქრდით.

გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მსიამოვნებს თქვენი არსებული მდგომარეობა. თუ ასე გააგრძელებთ, იქნებით ისევ ნოლები. ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მარტივი, განვითარება, აღმშენებლობა, საქმის კეთება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება. [სტილი დაცულია]". 

ენმ-ს საკრებულოს დეპუტატის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენება გადაწყვიტა, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი გამოყო.

ეს ინფორმაცია მოგვიანებით უარყო თბილისის მერიამ. მათი განცხადებით, თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარეობს 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის განსათავსებელი შენობის, საგენერატოროების და ერთი ოფისის პროექტირება.

"აღნიშნული შენობა უნდა აშენდეს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური უნდა განთავსდეს. ზემოთჩამოთვლილი მუნიციპალური უწყებები დღესდღეობით განთავსებულია სხვადასხვა მისამართზე", - წერია განცხადებაში. 

 


close დახურვა