logo
ENG



კალაძე სტრატეგია აღმაშენებელზე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქალაქი თავზე დაიმხოს

06 ოქტ 202016:46
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე სტრატეგია აღმაშენებელზე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქალაქი თავზე დაიმხოს

თბილისის მერი კახა კალაძე არასერიოზულს უწოდებს სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ თბილისის მერი მათ საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს უშლის.

კალაძის მტკიცებით, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა, კამპანია პრობლემების გარეშე აწარმოოს, თუმცა, მისივე თქმით, კანონის ფარგლებს არავინ უნდა გასცდეს.

"არასერიოზული განცხადებაა არასერიოზული ადამიანებისგან. საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, კამპანია ჩაატაროს ყოველგვარი პრობლემების გარეშე. აქვთ იმის შესაძლებლობა, შეხვდნენ ხალხს, გააცნონ თავიანთი ხედვები, მოსაზრებები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და არავინ ხელს არ უშლით. არსებობს კანონები და წესები, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხონ", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 ოქტომბერს, პოლიციამ თბილისის მერიასთან დაუმორჩილებლობის ბრალდებით სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე და პარტიის 3 მხარდამჭერი დააკავა

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა პარტიის წარმომადგენლებს მერიაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. სტრატეგია აღმაშენებელში ამბობენ, რომ განცხადება უნდა შეეტანათ ჯარიმებთან დაკავშირებით, რომელიც მათ ხელმოწერების შეგროვების გამო დაუწერეს.

მომხდარს მერია განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული სტრატეგია აღმაშენებელი ისევ დაჯარიმდა".


close დახურვა