logo
ENG



კალაძე ძველ თბილისში პროექტთან შეუსაბამო მშენებლობაზე: კომპანიას მოვთხოვეთ დემონტაჟი

21 ოქტ 202012:38
3 წუთის საკითხავი
 
a2ldw1a0l24rfds.png

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე მდებარე მშენებლობის ნაწილის დემონტაჟზე ინვესტორთან უკვე შეთანხმდნენ. საქმე ეხება ძველ თბილისში მდებარე შენობას, რომელსაც ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან ისტორიული გალავანი ესაზღვრება. კალაძის თქმით, ინვესტორმა, პროექტის წარდგენისას, რენდერებით განსხვავებული შენობის პროექტი წარადგინა, მშენებლობისას კი რამდენიმე სართული ზედმეტად ააშენა. 

"წითელი აგურის შენობა ძეგლი არ ყოფილა. მის ადგილზე კონკრეტულ კომპანიას უნდა განეხორციელებინა საინვესტიციო პროექტი. ეს მათი საკუთრება იყო. აქ უნდა გაკეთებულიყო პროექტი, რაც ჩვენთვის მისაღები იყო. ძალიან ლამაზად ჯდებოდა სივრცეში, ინარჩუნებდა ძველი თბილისის სახეს. 

მშენებლობის პროცესში მივიღეთ სურათი, სადაც კარგად გამოჩნდა, რომ შეთანხმებული პროექტი და რენდერები რეალურად აცდენილია. 

კომპანიას მოვთხოვეთ ზედმეტი სართულების დემონტაჟი გაეკეთებინათ და შესაბამისობაში მოეყვანათ იმასთან, რაც რენდერებშია". 

ისტორიული გალავნის უკან მდებარე შენობაში სასტუმროს გახსნა იგეგმება. ფორმულას ეთერში, 13 ოქტომბრის გადაცემა ქალაქობანასთან ინტერვიუში ინვესტორი და შპს საქართველოს ბუტიკების სასტუმროების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბაჩანა ადამია ამბობდა, რომ მშენებლობის შეჩერების შინაარსს ვერ ხვდება:

"ამ შენობის სიმაღლის გაპროტესტებაზე კი არ უნდა გვქონდეს საუბარი, არამედ, ამ ქუჩაზე მდებარე ისტორიული ნაგებობების იერსახის შენარჩუნებაზე. ეს შენობები განახლდეს და ის, თუ ეს შენობა 2-3 მეტრით გამაღლდება, დამერწმუნეთ, რომ ეს ქალაქისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და არანაირ იერსახეს არ შეცვლის". 


close დახურვა