logo
ENG



კალაძემ ჩამოთვალა 6 ოჯახი აფრიკის დასახლებიდან, ვისაც, მისი თქმით,სხვა ქონებაც აქვს

16 დეკ 202011:16
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აფრიკის დასახლებაში გუშინ, 15 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნაგებობები, რომლებიც დაანგრიეს, არ იყო დასრულებული და ხალხი არ ცხოვრობდა.

გარდა ამისა, კალაძემ თქვა, რომ მათი ნაწილი ნამდვილად არის სოციალურად დაუცველი, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ მიწებით "ხელს ითბობენ":

"როდესაც ხდება მიწების დატაცება, რა თქმა უნდა, ბევრი არის სოციალურად დაუცველი, გაჭირვებული, მაგრამ ასევე არიან ადამიანები, რომლებიც მიწების მიტაცებით, შემდეგ შენობა-ნაგებობების განთავსებით ხელს ითბობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თემას ჩავყვებით ბოლომდე და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვერ მივაგნებთ, არ გამოიკვეთება ის ადამიანი ან ადამიანების დაჯგუფება, ძალიან ცდებიან. არიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა სახის ქონება უფიქსირდებათ თბილისსა და რაიონებში", - თქვა კალაძემ.

მან 6 ადამიანის სახელისა და გვარის ინიციალები ჩამოთვალა და თქვა, რომ ამ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების სახელებზე რეგისტრირებულია სახლები თბილისსა და რეგიონებში, ასევე მიწები და მოძრავი ქონება.

"ეს უბრალოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი, თუ რასთან გვაქვს საქმე. ამ ფაქტებს სჭირდება სრულყოფილი მოკვლევა, სიღრმეებში შესვლა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერიამ გუშინ, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს. 

კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით გუშინ რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.

აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი სალხს იშენებდნენ და ახალ წლამდე გადასვლას გეგმავდნენ. მათი ნაწილის თქმით, ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არ აქვთ, აქამდე კი ქირით და ნათესავებთან ცხოვრობდნენ. ოჯახები, რომელსაც უკვე აშენებული აქვთ სახლები, ამბობენ, რომ ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რომ საცხოვრებელს მათაც დაუნგრევენ.


close დახურვა