თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ სადგურის მოედანზე გვირაბის გაგანიერებაზე მუშაობას დაიწყებენ. კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მეტროს მგზავრის აყვანის კუთხით პრობლემა არ აქვს.
"მინდა ვიცე-მერსა და ურბანული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს დავავალო, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოთ და ყველაფერი მოწესრიგდეს. თავდაპირველად შესაძლოა სატესტო რეჟიმში განვითარებული ქვეყნების მაგალითები გამოვიყენოთ. შესაძლოა ბევრს უმგზავრია ლონდონის მეტროთი და ვიცით თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა. შესაბამისად, მეტი ჩართულობისკენ მინდა მოგიწოდოთ. ჩართეთ ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და ვნახოთ რა შესაძლებლობებია ნაკადების მართვის თვალსაზრისით. ეს შეიძლება პირველ ეტაპზე გარკვეული დისკომფორტი იყოს, ვიღაცისთვის სასაცილო, მაგრამ სასაცილოდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს. ამიტომ, ნახეთ ყველა შესაძლებლობა, როგორ შეიძლება ნაკადების მართვა. პარალელურად, ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტებიც და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე და მოწესრიგებაზე, იმისთვის, რომ გვირაბში გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს", - თქვა კალაძემ.