logo
ENG



კალაძის მტკიცებით, ვაშლიჯვრის ფერდის ნაპრალებზე ცრუ ინფორმაცია მიზანმიმართულად ვრცელდება

12 სექ 202112:16
3 წუთის საკითხავი
clock 790

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ვაშლიჯვრის ფერდობი უსაფრთხოა, ახალი ნაპრალების შესახებ კი მიზანმიმართულად ხდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება. 

"მიზანმიმართულად ხდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, თითქოს, ეს პრობლემა არის მაჭავარიანის ქუჩის ზემოთ არსებულ ფერდზე, სადაც მოძრაობა ჩაკეტილი იყო. [ნაპრალი] საერთოდ კავშირში არაა ამ ფერდთან და იმ გზას, რომელიც ჩვენ გავხსენით, არანაირი პრობლემა არ აქვს, აბსოლუტურად უსაფრთხოა. ეს პრობლემები ახალი გზის მშენებლობის პროცესში ჩვეულებრივი მოვლენაა და ამასაც მოვაგვარებთ, მოვაწესრიგებთ ძალიან მალე". - თქვა თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა. 

მაჭავარიანის ფერდობზე ახალ ნაპრალებს შაბათის ფორმულამ მიაკვლია. ახალი ბზარები საფრთხეს ცენტრალურ მაგისტრალს უქმნის.  

ვაშლიჯვრის ფერდობზე ნაპრალები პირველად 2021 წლის მარტში გაჩნდა. 

მაშინდელი პირველადი შეფასებით, მთის ფერდზე გაჩენილი ნაპრალის სიღრმე, 19 მეტრი იყო, ამასთან, შესაძლოა დაძრულიყო 500 ათასი კუბური მეტრი მიწა. 

მოგვიანებით, მეწყრის ნაწილი მოჭრეს, ზოგ ადგილას კი ნაპრალი მიწით ამოავსეს. 

პარალელურად, გაგრძელდა ახალი გზის მშენებლობა ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის გზაზე. ის 26 აგვისტოს გაიხსნა კიდეც. თბილისის მერიის მტკიცებით, ტერიტორია მეწყერსაშიში აღარ არის და გადაადგილება უსაფრთხოა.

თუმცა, გეოლოგების მტკიცებით, მეწყერსაშიში ზონების უსაფრთხოდ გადაქცევა გამორიცხულია. 

მათ მერიასთან კითხვები აქვთ: 

"როცა ამ ტერიტორიაზე გზის მშენებლობა დაიწყეს, რამდენად იყო ჩატარებული კვლევა და რამდენად იყო გათვალისწინებული ის, რომ მანდ აუცილებლად გააქტიურდებოდა მეწყერი, ეს ცხადი იყო და ისიც ცხადია, რომ იქ მეწყრული უბნები კიდევ ბევრჯერ გააქტიურდება. რამდენად იყო ეს რისკები, საინჟინრო გადაწყვეტილებები პროექტში ჩადებული. ის, რაც ახლა ხდება, რამდენად იყო გათვალისწინებული, იმიტომ, რომ ეს სიურპრიზი არაა, მოსალოდნელი იყო". - ამბობს ერთ-ერთი გეოლოგი. 


close დახურვა