კანადამ 1 000-მდე ადამიანს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მასთან დაახლოებულ პირებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაცია კანადის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, უკრაინელი სეპარატისტები და ბელარუსის მოქალაქეებიც.
"პუტინის რეჟიმის სასტიკი თავდასხმის ფონზე, კანადა უკრაინის გვერდით დგას. პუტინის რეჟიმის თანამოაზრეებისთვის და მთავარი მხარდამჭერებისთვის, მათ შორის არაპროვოცირებულ აგრესიაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ჩვენს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც რუსეთს პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მის დანაშაულზე. ვაგრძელებთ ყველა ვარიანტის გამოყენებას თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისთვის, ასევე უკრაინის მხარდაჭერისთვის", - თქვა კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ერთდროულად რამდენიმე ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვა დაიწყო. რუსეთის აგრესიას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 229 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციები არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის კანადამ დაუწესა.