ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა, საქართველოს მთავრობის საქმიანობა ამის საპირისპიროა.
დღეს, 8 აგვისტოს პარტიის წევრები ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.
კანდელაკის თქმით, რა თქმა უნდა, ომის დაწყების თარიღი 7 აგვისტოა, თუმცა, დღეს, 8 აგვისტოს ისინი პატივს მიაგებენ 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს, ამასთან ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია დეოკუპაციაზე ფიქრი.
"სწორედ აქედან, საოკუპაციო ხაზიდან გვინდა ხაზი გავუსვათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის არამხოლოდ გახსენება ამ დღეების, არამედ მომავალზე ფიქრი და დეოკუპაციაზე ფიქრი, დეოკუპაცია რა თქმა უნდა შეუძლებელია საერთაშორისო ასპარეზზე, დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის გარეშე. ბოლოს, როცა შეხვდნენ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები სამწუხაროდ არ იქნა დაძრული საქართველოს საკითხი, როგორ შეიძლება, კარგი იყოს, თუ ამერიკის პრეზიდენტი არ დაძრავს საქართველოს საკითხს, როგორ შეიძლება ეს ჩაითვალოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებად.
სწორედ 8 აგვისტოს საოკუპაციო ხაზიდან გვინდა მივმართოთ ჩვენს მოქალაქეებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აუცილებელია საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს მთავრობის საქმიანობა არის ყველაფერი ამის საპირისპირო". - თქვა ევროპული საქართველოს წევრმა.
5-დღიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. თუმცა, სამხედრო ესკალაცია იმავე წლის აპრილიდან დაიწყო და მას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი NATO-ს ბუქარესტის სამიტი იყო, სადაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. რუსეთმა მაშინ განაცხადა, რომ არ გააკეთებდა „ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება".
თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ ფიქრობენ, რომ ომი 2008 წლის აგვისტოს 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო. მათი შეფასებით, ომი დაიწყო 8 აგვისტოს, როცა საქართველოს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის ჯარს ცეცხლი გაუხსნა.
2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.