logo
ENG



კანდელაკი: საქართველოს მთავრობა ფრენების აღდგენას არც აგვისტოში აპირებს

01 ივლ 202012:53
3 წუთის საკითხავი
 

ავიაკომოანია Wizz Air-ის მხრიდან ქუთაისის ბაზისა და ფრენების გაუქმებას, ოპოზიცია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას უკავშირებს, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენას 1-ელ აგვისტომდე არ აპირებს.

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ მთავრობამ ის ადამიანები, რომლებიც 1-ლი ივნისიდან საზღვრების გახსნას ელოდა შანსის გარეშე დატოვა. პარტიის ინფორმაციით, მთავრობა რეგულარული ფრენების აღდგენას არც აგვისტოში განიხილავს.

„ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი, რომელზეც პირდაპირ გავლენა მოახდინა მთავრობის გადაწყვეტილებამ, მცდარმა და საზიანო გადაწყვეტილებამ, რომ არ გაეხსნა რეგულარული ფრენები ევროკავშირთან, ყოველ შემთხვევაში ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, სადაც არის კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. უამრავი ადამიანი, ვინც იმედით შეყურებდა 1-ლი ივნისიდან ფრენების გახსნას მთავრობამ დატოვა შანსის გარეშე. ჩვენი ინფომაციით, მთავრობა განიხილავს, რომ რეგულარული ფრენები არ აღდგეს არც აგვისტოში, რაც იქნება გამანადგურებელი დარტყმა“,-აცხადებს გიორგი კანდელაკი.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია რომ კომპანია Wizz Air ქუთაისის ბაზას აუქმებს. კომპანიას საქართველოში 5 ბაზირებული თვითმფრინავი 40-მდე მიმართულებით ჰყავდა. კონკრეტულად რა მიმართულებით გაუქმდება ფრენები ჯერჯერობით უცნობია. Wizz Air ოფიციალურ განცხადებას დღის განმავლობაში გაავრცელებს.

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. გადაწყვეტილების მიუხედავად, ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა რეგულარული საერთაშორისო ფრენების აღდგენას 1-ელ აგვისტომდე არ აპირებს.


close დახურვა