logo
ENG



კანდელაკი: უნგრეთის საგარეოს მინისტრი ფაქტიურად გვეხვეწება, მისი მოქალაქეები ჩამოვიდნენ

06 ივლ 202014:35
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს დეპუტატის გიორგი კანდელაკის თქმით, მთავრობის შიგნით დისკუსიაა საზღვრების გახსნათან დაკავშირებით, თუმცა, მისივე თქმით, სანამ ავიაკომპანია ვიზეარის თემა აქტუალური გახდებოდა, ხელისუფლება საზღვრების გახსნას არც აგვისტოში და არც სექტემბერში გეგმავდა.

კანდელაკი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყანა, ფაქტიურად, ეხვეწება საქართველოს, რომ მისი მოქალაქეები აქ ჩამოვიდნენ. 

„უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საუბრიდან გამომდინარეობს, რომ ფაქტიურად, იქით გვეხვეწება ევროკავშირის ეს მდიდარი ქვეყანა, ჩვენი სტანდარტებით, რომ მისი მოქალაქეები ჩამოვიდნენ და დახარჯონ ფული. დისკუსია მიმდინარეობს მთავრობის შიგნით, მაგრამ სანამ Wizz air-ის ბაზის თემა გახდებოდა აქტუალური, მანამდე რაც მე ვიცი, გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ აგვისტოში არ გაეხსნათ მიმოსვლა. შესაძლოა, არც სექტემბერში, რასაც რაციონალური ახსნა არ აქვს“,-აცხადებს გიორგი კანდელაკი.

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

როგორც პიტერ სიიარტომ აღნიშნა, შეხვედრისას მათ საზღვრების გახსნის თემაზე ისაუბრეს. სიიარტოს განმარტებით, საქართველოში ჩამოსვლა ბევრ უნგრელ მოქალაქეს სურს, ამიტომ, ამ პროცესის გასამარტივებლად, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

უნგრული ავიაკომპანია Wizz air ქუთაისში ბაზას აუქმებს, კომპანიის პროგნოზით, ქუთაისში ბაზის დაბრუნება 2021 წლის გაზაფხულამდე არ იგეგმება. Wizz air-ს საქართველოში 5 თვითმფრინავი ჰყავდა ბაზირებული, რომელიც ფრენებს 40-მდე მიმართულებით ასრულებდა. 

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. გადაწყვეტილების მიუხედავად, გაურკვეველია, როდის აღდგება რეგულარული საერთაშორისო ფრენები საქართველოდან.


close დახურვა