logo
ENG



კანდელაკი - ხელისუფლება ცდილობს, რუსეთისთვის მტკივნეული წითელი ხაზები არ გადაკვეთოს

25 თებ 202022:39
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი ხელისუფლებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით უმოქმედობაში ადანაშაულებს.

როგორც კანდელაკმა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, მმართველი გუნდი ცდილობს, რუსეთისთვის მტკივნეული წითელი ხაზები არ გადაკვეთოს და ამის გამო, სია საერთაშორისო სანქციებში დღემდე ვერ მოხვდა.

„საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ღერძი, სინამდვილეში, განცხადებების და სალაპარაკო პუნქტების მიღმა, არის ის, რომ არ გადაკვეთონ რუსეთისთვის მტკივნეული წითელი ხაზები. აქ საუბარია იმაზე, რომ ადგილი აქვს ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ეროზიას. შედეგი კი არის ის, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არ არის საერთაშორისო სანქციებში. პარლამენტში ამბობენ ხოლმე საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით „ოცნების“ ლიდერები, რომ თქვენ ითხოვთ, ჩვენ დავუწესოთ რუსეთს სანქციებიო. არა, ჩვენ ვითხოვთ, რომ ევროკავშირისა და ამერიკის მიერ უკვე დაწესებულ სანქციებში მოხვდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ამ პოსტულატით ჩვენ შევიტანეთ რეზოლუციის პროექტი პარლამენტში, რომ რახან მთავრობა ამას არ აკეთებს, პარლამენტმა დაავალოს, რომ იმუშაოს და მოხვდეს სია საერთაშორისო სანქციებში. თუმცა, როდესაც შევიტანეთ ეს რეზოლუცია, ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 


close დახურვა