ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, IRI-ს კვლევა აჩვენებს, თუ რამდენად დაეცა საზოგადოებაში ქართული ოცნების მიმართ ნდობა.
კანდელაკმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, "რაც მიანიშნებს იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია შესული ქვეყანა".
„პირველ რიგში, ეს გამოკითხვა აჩვენებს, რამდენად არის დაცემული ნდობა ქართული ოცნების მიმართ, რომ მათ მთლიანად გაფლანგეს ის კრედიტი, რაც მათ ჰქონდათ პანდემიის დროს, მათ შორის, კოვიდის ბოროტად გამოყენების გამო. რაც შეეხება ბოიკოტის თემას, რა თქმა უნდა, ბოიკოტი არავის არ მოსწონს და უდავოდ ცუდი ამბავია, მაგრამ ამავე დროს, ამ კვლევის კიდევ ერთი შედეგი არის, რომ გამოკითხულთა პრაქტიკულად ნახევარი მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნებს, მაშინ როცა არჩევნები ჩატარდა სულ რამდენიმე თვის წინ. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რამდენად ღრმა კრიზისშია შესული ქვეყანა, რასაც ეს გამოკითხვა უკლებლივ ყველა სფეროში ზომავს,“ - განაცხადა კანდელაკმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის პირველ კვლევას აქვეყნებს, სადაც, მათ შორის, შეფასებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ასახულია პოლიტიკური რეიტინგები.
IRI-ის კვლევითვე, გამოკითხული მოსახლეობის 45% ემხრობა ოპოზიციის მოთხოვნას, ჩატარდეს ახალი არჩევნები, მაშინ, როდესაც 45% არ ემხრობა ამაზე მოთხოვნას. კერძოდ, 25% "დანამდვილებით" მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნები საჭიროა, 20% კი ნაწილობრივ ეთანხმება ამას.
გარდა ამისა, კვლევით ჩანს, რომ მოსახლეობის 42% საერთოდ არ ეთანხმება ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს პარლამენტში შესვლაზე, მაშინ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას, ნაწილობრივ ან სრულად ეთანხმება მოსახლეობის 26%.